logo
ENG



გავრცელებული ფაილების მიხედვით, ილია II-მ იგორ სეჩინის შვილს 6-პუნქტიანი წერილი გაუგზავნა

13 სექ 202116:24
3 წუთის საკითხავი
 
2021/09/13/ar6d3osuzbqllos.jpg

საპატრიარქოს შესახებ გავრცელებულ ფაილებში, რომლებიც, სავარაუდოდ, სუს-ის შედგენილია, ირკვევა, რომ 2018 წელს ილია მეორემ თავისი სტუმრებისთვის რუსეთიდან, ტიმბერბულაკ კარიმოვისა და ინგა კარიმოვასთვის ​შეადგინა 6 მოთხოვნისგან შემდგარი წერილი. 

წერილი მათთვის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარეს, ლაშა ჟვანიას უნდა გადაეცა. 

ტიმბერბულატ კარიმოვი რუსეთის ფედერაციის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის გენერალური მრჩეველი იყო, მისი ცოლი ინგა კი იგორ სეჩინის შვილია. 

იგორ სეჩინი ვლადიმირ პუტინის დიდი ხნის მეგობარი და თანამშრომელი, მასთან დაახლოებული პირია და პირადად მისი დამსახურებაა, რომ 2008 წელს ნიკარაგუამ და ვენესუელამ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს. 

გავრცელებულ საიდუმლო ფაილში წერია, რომ მოგვიანებით ლაშა ჟვანიას დაუკავშირდა პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი, რომელმაც განუცხადა, რომ წერილში შესატანია შესწორებები. ფაილის ავტორი აღნიშნავს, რომ თეთრუაშვილს არ დაუკონკრეტებია შესწორებების შინაარსი. 

ფაილის მიხედვით, შორენა თეთრუაშვილის თქმით: "უწმინდესი მოტივირებულია და ისეთ განწყობაზეა, თითქოს ოკუპირებული ტერიტორიების გზა უკვე გაიხსნა". 

"აღნიშნული გაიზიარა ლ. ჟვანიამ და განუცხადა, რომ ხსენებული სტუმრები, სხვა პირებისგან იმით განსხვავდებიან, რომ გააჩნიათ ძალიან დიდი გავლენები და შესაძლებლობები (სავარაუდოდ გულისხმობენ ინგას მამის იგორ სეჩინის ახლო კავშირს ვლადიმერ პუტინთან), სურთ პატრიარქ ილია II-ის სურვილის ასრულება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონფლიქტური ვითარების მაქსიმალურად დარეგულირება.

ლ. ჟვანიას თქმით, მოცემულ მომენტში სტუმრები იმყოფებიან გურიის სოფელ ბახვში, სადაც გადაწყვიტეს სახლის შეძენა.

საუბრის დასასრულს ლ. ჟვანიამ შ. თეთრუაშვილს განუცხადა, რომ ვ. პუტინის ინაუგურაციის შემდეგ გაირკვევა, თუ როგორ მოიქცევიან სტუმრები და გაითვალისწინებენ თუ არა ისინი წერილში ჩამოყალიბებულ პუნქტებს". - წერია ფაილში. 

სავარაუდოდ სუს-ის საიდუმლო ფაილები ინტერნეტსივრცეში დღეს, 13 სექტემბერს გავრცელდა. 

თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდება, გამოვა, რომ ქვეყანაში აყურდებდნენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. 


close დახურვა